„ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არაა" – პრემიერი მოზარდის გარდაცვალებაზე

სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, განაცხადა გიორგი გახარიამ.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რიგ სახელმწიფო უწყებებს არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების დავალება მისცა.

თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? რა მოხდა მოზარდთან დაკავშირებით თბილისში

გახარიამ მთავრობის ყოველკვირეული სხდომა ორი დღის წინ თბილისში მომხდარი ტრაგედიის – 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ საუბრით დაიწყო. ინციდენტი 12 დეკემბერს მოხდა – მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოხტა, მას შემდეგ, რაც იგი პოლიციამ დაკითხა.

სამართალდამცველებმა მოზარდი იმის გამო დაკითხეს, რომ ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში კედლებზე წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ბავშვზე ზეწოლა განხორციელდა.

„დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო, დღეს კონკრეტული ნაბიჯების დროა... შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდთა დაკითხვის სივრცის შექმნაზე უნდა იზრუნოს – ეს ძალზე მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად ყველა იმ სახელმწიფო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა უზრუნველყოს, ვისაც მოზარდებთან შეხება აქვს. ასევე იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს საკანონმდებლო კუთხით მოზარდების დაცვაზე, როდესაც მათ სამართალდამცველ სისტემასთან აქვთ საქმე", – განაცხადა გახარიამ.

ლომჯარია: შესაძლოა, არასრულწლოვნების გამოკითხვა აუდიო- ან ვიდეოჩანაწერით ჩატარდეს>>>

პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა მოზარდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის მნიშვნელობა.

ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ქართველ ექიმებთან ერთად მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული სპეციალისტები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მას შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ახალგაზრდების საპროტესტო აქციები არ წყდება. ისინი სახელმწიფო დაწესებულებების კედლებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტოვებენ წარწერას – „ამ ცხოვრების დედაც!". აქციის მონაწილეები არა მარტო გამომძიებლის, არამედ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვენ. ისინი მართლმსაჯულების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ.