„ბიჭებო! თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით!“: სარალიძე ლუკა სირაძეზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა სოციალურ ქსელში 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ლუკა სირაძის პოსტს იზიარებს. ნახეთ, რა აკავშირებდა ლუკა სირაძეს დავით სარალიძესთან და ლევან დადუნაშვილთან.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძველ სტატუსს იზიარებს და გარდაცვლილ დავით სარალიძესა და ლევან დადუნაშვილს მიმართავს – იმ ქვეყნად ღირსეულად დახვდნენ მას.

15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, ექვსი დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა და გუშინ, საღამოს გარდაიცვალა. ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

კალაძე: ლუკას გარდაცვალებაში მთელი საზოგადოება ვართ დამნაშავე

ოჯახის წევრები ამბობებ, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. ლუკას პოლიცია „მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. „მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ პოლიციას ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც უკანონო მოქმედებაა.