საქართველოს პრეზიდენტმა „პოლიტიკური ომისგან" შორს დადგომა გადაწყვიტა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა კონფერენციის ფარგლებში ელჩებს შეხვდა.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე ქვეყანაში პოლარიზაციისა და „ტოტალური პოლიტიკური ომის" საშიშროების შესახებ ისაუბრა.

წულუკიანი: პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ>>

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პოლიტიკური ვითარება ძალიან დაიძაბა. ოპოზიცია ხმაურიან საპროტესტო აქციებს მართავს და პირველ რიგში საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვს, ხოლო ხელისუფლება აზრს არ იცვლის. მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ უცხოელი დიპლომატების შუამდგომლობით დასხდნენ.

ზურაბიშვილი: „დაპირისპირების დრო არ არის...“

„ვხედავთ, პოლარიზაცია როგორ ხლეჩს და რაოდენ ასუსტებს სახელმწიფოს. ვცდილობ, არ შევიდე ამ დაპირისპირებაში, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორედ უნდა დარჩეს ამ პოლიტიკური ტოტალური ომის გარეთ, რათა ეს ინსტიტუტი არ გახდეს სამიზნე და მასთან ერთად – სახელმწიფო", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ დაპირისპირებამ დიასპორამდეც მიაღწია.

„მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ საარჩევნო წელს შიდა ვნებათაღელვის მიუხედავად, საელჩოები შეძლებენ, შეინარჩუნონ ჩვენს ემიგრაციაში სიმშვიდე და ერთიანობა, რათა ქვეყნის გარეთ ერთად ვიმუშაოთ მთავარი მიზნების მისაღწევად. ამის იმედი მაქვს, თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და თქვენ მთავარ მხარდამჭერად მიგულეთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცილისწამება თუ დამსახურებული კრიტიკა? – საქართველოს პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა>>

დიპლომატებთან შეხვედრა უცხოეთში დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.