კალაძე: ლუკას გარდაცვალებაში მთელი საზოგადოება ვართ დამნაშავე
© Sputnik
„მინდა დღევანდელი სხდომა დავიწყო სამძიმრით ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დაგვიბრუნებს. ლუკა დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ, რისი გულისთვის... ირგვლივ რომ მიმოვიხედოთ, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა, და სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება. როცა ბავშვი იღუპება, მე ვფიქრობ, რომ ამაში დამნაშავე მთლიანი საზოგადოება ვართ“, – ამბობს კახა კალაძე.
15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა, ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვა. უფლებადამცველთა თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ლუკა სირაძე გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.