მსოფლიო დღეს

მერკელმა და პუტინმა ევროპაში გაზის ტრანზიტის საკითხზე ისაუბრეს

გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირის ქვეყნების გაზით მომარაგების საკითხებზე იმსჯელეს.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. რუსეთისა და გერმანიის ლიდერებმა — ვლადიმირ პუტინმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირის ქვეყნების ენერგომომარაგების საკითხები მიმოიხილეს, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.

„მხარეები შეეხნენ ევროკავშირის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებს გაზის სფეროში. მათ შორის, რუსული ბუნებრივი გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის პერსპექტივებს 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ და ასევე პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელების საკითხს“, — ნათქვამია განცხადებაში.  

„ნორმანდიულმა ფორმატმა“ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობები დაათბო

კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა დონეზე კონტაქტების შენარჩუნებაზე. 

გაზის ტრანზიტის შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედ კონტრაქტს მიმდინარე წლის ბოლოს გასდის ვადა. რუსულმა მხარემ ოქტომბრის სამმხრივ კონსულტაციაზე (ევროკომისიის მონაწილეობით) წარმოადგინა პოზიცია, რომლის თანახმად, ტრანზიტის საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს უკრაინაში გაზის მიწოდებასა და სასამართლო დავებთან ერთობლიობაში.

„ნორმანდიულ სამიტზე“, სადაც რუსეთისა და  უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა, მხარეებმა ასევე იმსჯელეს გაზის პრობლემატიკაზე. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხის „განბლოკვა მოხერხდა“.

ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროკომისიის მონაწილეობით მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით არ არის ჩანიშნული.

როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი მზადაა განაგრძოს გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით იმ შემთხვევაში, თუ „გაზპრომისთვის“ ეკონომიკური და კომერციული მიზანშეწონილობა შენარჩუნდება.