თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. უკვე რამდენიმე კვირაა ტელეკომპანია „იმედზე“ სტარტი აიღო მეგაშოუმ „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რომლის ჟიურის შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. წელს პროექტის ჟიურიში გოჩა ჩერტკოევის ნაცვლად ფლამენკოს მეფე ხოაკინ კორტესი ჩამოიყვანეს, თუმცა შოუ ისეთი სანახაობრივი და დასამახსოვრებელი ვერ არის, როგორც გასულ სეზონებზე იყო.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა გაბრაზებულმა გოჩა ჩერტკოევმა, რომელიც აშკარაა, რომ გადაცემას თვალს ამერიკიდან ადევნებს.
„ჭკუამკვდარ წლევანდელ „ტვ იმედის“ ჯგუფს ვუსამძიმრებ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარდაცვალების გამო. იდიოტები“, – წერს ჩერტკოევი.
ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ახალი სეზონით 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან.
წელს პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად პროექტის მონაწილეები გახდნენ მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები, მომღერლები: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა მაჭავარიანი, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მალხაზ გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე.
საცეკვაო შოუს წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი არიან, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ. „ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და მასში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.