ჰომოსექსუალი მამაკაცებისთვის დონაციის უფლებას შეზღუდვა მოეხსნა

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მსმ პირებისათვის დონორობის უფლება უფრო ხანგრძლივად იზღუდებოდა, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვით მამაკაცთან სქესობრივი კავშირიდან 10 წლის განმავლობაში მამაკაცს სისხლის დონაცია ეზღუდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ (მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სექსუალური პრაქტიკა სხვა მამაკაცებთან მიუხედავად იდენტობისა, ასეთი მამაკაცების უმეტესობა არ განსაზღვრავს საკუთარ თავს ჰომოსექსუალად ან ბისექსუალად), ისე ჰეტეროსექსუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა.

ქართველმა ბიჭმა, რომელმაც მამაკაცზე იქორწინა, უსინათლო დედას კლინიკაში მიაკითხა – ვიდეო

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში გოჩა გაბოძემ და ლევან ბერიანიძემ გაასაჩივრეს.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მსმ პირებისათვის დონორობის უფლება უფრო ხანგრძლივად იზღუდებოდა, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდება სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით კი, კაცთან სექსუალური კავშირის მქონე კაცებში სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკი გაცილებით მაღალია და შესაბამისად, მათთვის დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივად შეზღუდვა გამართლებულია.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ თემაზე 2014 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო, სადაც მითითებულია, რომ სისხლის სამედიცინო შემოწმებამ შესაძლებელია სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. ფანჯრის პერიოდი).

ამასთან, ახალ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ბევრად უფრო ხანგრძლივად უზღუდავდა უფლებებს მოქალაქეთა ნაწილს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მინისტრის ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა 2020 წლის 31 მარტამდე, 3.5 თვით გადაავადა. სასამართლომ განმარტა, რომ ამის მიზანი რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.