ქართველი ტენორი ოთარ ჯორჯიკია „ლა სკალაში“ გამოვიდა

მსოფლიოში ცნობილმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ ამ მოვლენას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა და კოლეგას წარმატებები უსურვა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი ოთარ ჯორჯიკია „ლა სკალას“ ოპერის თეატრის სცენაზე გამოვიდა.

ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

პარიზის ოპერის სცენაზე ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი შედგა

„დღეს უბედნიერესი დღე მაქვს და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველოსთვის გამორჩეული ამბავი ხდება ლა სკალას თეატრში. რამდენიმე საათში კიდევ ერთი ქართველი საოპერო მომღერალი ასახელებს ჩვენს ქვეყანას", – დაწერა ბურჭულაძემ სპექტაკლის დაწყების წინ.

ოთარ ჯორჯიკია მსმენელის წინაში „ტოსკას" ოპერაში ანა ნეტრებკოსა და სხვა ცნობილ სოლისტებთან ერთად წარდგა.

ოთარ ჯორჯიკია 2003-2007 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, ვენის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში, ამავდროულად ირიცხებოდა ვენის მუსიკალური საზოგადოების (Singverein der Gesellschaft der Musikfreunde Wien, Musikverein) გუნდში, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ჟორჟ პრეტრი, ვლადიმირ აშკენაზი, ნატალი სტუცმანი და სხვები.

საქართველოში დაბრუნებულმა მომღერალმა სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, ნოდარ ანდღულაძის კლასში გააგრძელა – პერსპექტიულ არტისტს საოპერო დადგმებში მრავალი როლი შესთავაზეს.

2013 წლიდან არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, სადაც მისი დებიუტი შედგა ვერდის „ბედის ძალაში" შესრულებული დონ ალვაროს პარტიით.