„ყველაფერი მისაღებია, გარდა ომისა" – საქართველოს პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ომის გარდა, ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს” - გახარია საქართველოს როლზე TANAP–ში

გახარია უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც თბილისში გაიმართა. ელჩების კონფერენციის ლოზუნგია „საქართველო – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებებისთვის, უფლებებისა და თავისუფლებისთვის".

„ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ ვალდებულებას უნდა მივყვეთ და შევასრულოთ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს 2019 წელს ბევრი მიღწევა ჰქონდა.

„ამ წელს მიღწევებიც გვქონდა ბევრი შედეგიანი, მაგრამ შემდეგი წელი იქნება მნიშვნელოვანი და აქტიური. ამ წელს ჩვენ ვამთავრებთ იმით, რომ გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლატფორმა შედეგიანად და აქტუალურად გამოვიყენოთ", – განაცხადა გახარიამ.

„ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქართულ ჯარს" – პრემიერი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოსთვის აქტუალური საკითხების დღის წესრიგში დასმის შესაძლებლობა, ასევე საშუალება ქვეყანაში დემოკრატიის დონის და იმ გამოწვევების წარმოჩენისა, რომელსაც ქვეყანა აწყდება.

ამბასადორიალზე, რომელიც 20 დეკემბრამდე გაგრძელდება, შეფასდება 2019 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევები, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, ასევე წარმოდგენილი იქნება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა და ახალი ინიციატივები.

კონფერენციის ფარგლებში საკითხების ფართო სპექტრი იქნება განხილული – საერთაშორისო და გლობალური პოლიტიკის გამოწვევები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა, კავშირი და სტრატეგიული კომუნიკაცია დიასპორასთან.

ცალკე სამუშაო სესია მიეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას და ქვეყნის პრიორიტეტებს.