ნინო ქათამაძე ახალი წლის პირველ დღეებში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს

მომღერალი „ფაბრიკაში“ მუსიკოსების ახალ ჯგუფთან ერთად გამოვა და ახალ და უკვე ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საზღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი, ქართული ეთნოჯაზის დედოფალი ნინო ქათამაძე თბილისში, „ფაბრიკაში“, თაყვანისმცემლებისთვის 4 იანვარს გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.

კონცერტის პროგრამაში მომღერალმა შეიტანა ახალი კომპოზიციები და მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჰიტები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები: ლევან დეისაძე (გიტარა), მიშო ჯაფარიძე (კონტრაბასი), პაპუნა შარიქაძე (კლავიში), Khonzi (საქსაფონი), Тyson Jackson Dior (დრამერი) და სიმებიანი კვარტეტი.

კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge.

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

ნინო ქათამაძე წარმოშობით ქობულეთიდანაა. სცენაზე დგას ოთხი წლის ასაკიდან. 1990 წელს ჩააბარა ბათუმის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალის ფაკულტეტზე და მაშინვე გამოვიდა სამოყვარულო სცენაზე. პროფესიული კარიერა დაიწყო ჯგუფ „ინსაიდთან“ (Insight) ერთად 1999 წელს.

მომღერალი ჯაზის, ბლუზისა და world music-ის სინთეზური მუსიკის შემსრულებელია. პოპულარობა მალევე მოიპოვა როგორც პოსტსაბჭოურ სივრცეში, ისე მთელ მსოფლიოში. ქათამაძის მუსიკა არაერთ რუსულ კინოფილმში ჟღერს. ნინო ქათამაძე აქტიურად მონაწილეობს მუსიკალურ ფესტივალებში საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

ქათამაძის ალბომებმა Black, White, Red, Yellow, Blue, Green მას უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.