თბილისი ახალი წლისთვის თითქმის მზადაა

მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლოდ დედაქალაქის მორთვას 25 დეკემბრისთვის მთლიანად დაასრულებს.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისის 17 გამზირსა და ქუჩებზე საახალწლო განათებები უკვე აინთო, ქუჩების მორთვის პროცესი 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით ერთი თვეა ახორციელებს. დღეს ჩვენ სხვადასხვა რაიონებში ჩავრთავთ განათებებს. აღნიშნულ პროცესს რამდენიმე დღეში დავასრულებთ. დედაქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბრისთვის თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთებითა და საახალწლო ბაზრობის გახსნით დასრულდება", – განაცხადა კომპანია "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ.

ილუმინაცია და ნაძვის ხე: თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

პირველ ეტაპზე საახალწლო განათებები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე ჩაირთო.

წელს თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირისა და რესტავრირებული ორბელიანის მოედნის გალამაზება ახალი დიზაინითა და ილუმინაციით გადაწყვიტა. ის განათება, რომელიც წინა წელს გამოიყენეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში გადანაწილდა.

წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის. მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევრო, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება.