გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უწყების ინფორმაციით, აკრძალვა უხვი თოვლის გამო აღნიშნული საავტომობილო გზის 106-123 კმ მონაკვეთზე ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ინტენსიური თოვის გამო მაღალმთიან კურორტ გოდერძის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, აკრძალვა მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 106-123 კილომეტრზე.

გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო-სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წელს გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან სულ 100 კილომეტრში მდებარეობს.

კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია. ზამთრის სეზონი აქ დეკემბრის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება.