თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
„საცობებს" ბოლო მოეღო – ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა >>
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (ეოკ) პრეზიდენტ იანეზ კოჩიანჩიჩის შესაბამისი წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მიიღო.
წერილში აღნიშნულია, რომ 2020 წლის თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები ესტუმრებიან. ხოლო ინფორმაციას ფესტივალის მასპინძელი ქალაქის მოვალეობების შესახებ ქართული მხარე 2020 წლის 31 ივლისამდე მიიღებს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს სამთო-სათხილამურო სპორტს, ჰოკეის, ბიატლონს, სათხილამურო რბოლას, ფიგურულ ციგურაობას, სათხილამურო ორჭიდს, ტრამპლინიდან ხტომას, სნოუბორდსა და კერლინგს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისში, ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს წარმატებით უმასპინძლა ბაქომ. რაც შეეხება წინა ზამთრის თამაშებს, ისინი ქალაქ სარაევოში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გაიმართა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი შეიქმნა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის მიერ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს არის რეგიონალური საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ეოკ-ის ასოციაციის 50 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.