თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას ოფიციალურად 20 დეკემბერს დახურავს.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
ევაკუაცია პარლამენტში – ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში საეჭვო სითხე დაღვარა >>
პირველი არხის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ კვირაში პლენარული სხდომები არ იქნება, სესიის დახურვისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევა იქნება საჭირო.
რაც შეეხება საგაზაფხულო სესიას, საკანონმდებლო ორგანო მას 2020 წლის თებერვლის პირველ სამშაბათს გახსნის.
ცხარე სესია
წელს საშემოდგომო სესია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო. ხმაური და სტვენა გახსნის პირველი დღიდან ისმოდა.
მაშინ ოპოზიცია აპროტესტებდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნას, რომლის გადადგომასაც მესამე თვე მოითხოვდა. გახარიას ვერ პატიობდნენ 20-21 ივნისს ანტისამთავრობო აქციის დაშლას.
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების განხილვები და ასევე საკმაოდ სკანდალურად, ყვირილისა და ჩხუბის ფონზე, დასრულდა მათი დანიშვნაც.
გასულ კვირაში პარლამენტმა სამთვიანი განხილვების შემდეგ 19-დან 14 კანდიდატი დაამტკიცა. პლენარული სხდომა, რომელზეც კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, მოულოდნელად შეწყდა. დეპუტატებს დარბაზი დაატოვებინეს. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრის ჩასაშლელად სპეციფიკური სუნის მქონე უცნაური სითხე დაასხეს.
შსს-მ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა >>
მომხრე იყვნენ მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები. იმ დღეს ოპოზიციამ ხმაურიანი საპროტესტო აქციები მოაწყო როგორც პარლამენტთან, ისე შენობის შიგნით - იურიდიული კომიტეტის სხდომებზე და ასევე პლენარულ სხდომაზე. მიზეზი გახდა ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზიები კანდიდატებთან მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მათ ასევე ყოფილი ხელისუფლების დროს „პოლიტიკური გადაწყვეტილებების“ გამოტანაში და ახლანდელი ხელისუფლების დროს სასამართლოებში „კლანურ მმართველობაში“ ადანაშაულებენ.
ასევე ამ საშემოდგომო სესიაზე დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ნიკა მელიას. საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო 2011 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაში მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით.
მაგრამ ყველაზე მეტად ეს სესია დაამახსოვრდება ყველას საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. ხელისუფლება პროპორციული სისტემის შემოღებას მოსახლეობას ზაფხულის აქციების დროს შეპირდა, მაგრამ საკუთარი სიტყვა ვერ შეასრულა მაჟორიტარი დეპუტატების გამო, რომლებიც კენჭისყრაზე წინააღმდეგ წავიდნენ.
თბილისის ცენტრი პარალიზებულია: აქციაზე „ქართული ოცნების“ ათი ათასობით მომხრე მივიდა >>
იმ დროიდან ქვეყანაში ოპოზიციის საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიციამ ხელისუფლებამ არჩევნების ჩატარება ე.წ. გერმანული მოდელით შესთავაზა. ამ შემთხვევაში შენარჩუნდება მაჟორიტარული არჩევნები, მაგრამ ის არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარდება.