მომხიბვლელი ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე საზოგადოებას ტელეკომპანია „მაესტროდან“ ახალი ამბების წამყვანობიდან ახსოვს, შემდეგ იყო GDS-ის თოქ-შოუ „20-30“ და ახლა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუს „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ უძღვება. საზოგადოებას მაკა ალბათ ახსოვს ასევე რადიო „უცნობის” და რადიო „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებებიდან, სადაც ის წამყვანი იყო და 2009 წლიდან თამაშობდა ელიტარულ ინტელექტ-კლუბში „რა? სად? როდის?“.
ტელეწამყვან მაკა ცინცაძეს 8 წლის შვილი კესო ღამბაშიძე ჰყავს. ერთ-ერთ ინტერვიუში მაკა ყვება, რომ 2011 წლის 18 ივლისი არასდროს დაავიწყდება.
„თუ რას ნიშნავს დედობა და რა შეგრძნებაა ეს, ამის გამოცემა რთულია. შვილის დანახვისას ხვდები, რომ შენი ცხოვრება სულ თავიდან დაიწყო და ამ დრომდე არც გიცხოვრია. გენანება ყოველი დღე, რომელიც მის გარეშე გაატარე და თან ხვდები, თუ რა არის ნამდვილი ბედნიერება“, - ამბობს მაკა.
როგორც მაკა ამბობს, მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი შვილთან გატარებული დროის სიმცირეა, თუმცა ყოველთვის ახერხებს, სამსახურის შემდეგაც და მანამდეც, მასთან იყოს.
თბილისში დიდი ხანია, საუბრობდნენ, რომ ჟურნალისტი მაკა ცინცაძე მეუღლეს დაშორდა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში, ორი წლის წინ ტელეწამყვანმა ეს ჭორი დაადასტურა და აღნიშნა, რომ რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეებმა გადაწყვეტილება ერთად მიიღეს.
„სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა. მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს კესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერიც. კესო ძალიან მაგარი გოგოა. ანებივრებენ და ისიც ირგებს“, - ამბობდა ტელეწამყვანი.
პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი ტელეწამყვანს არ უყვარს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეყვარებული არ არის და მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მის შვილს უკავშირდება.