მსოფლიო დღეს

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება Brexit-თან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატული პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.

პარასკევს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატულმა პარტიამ დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ახლა კონსერვატორების ლიდერსა და პრემიერ ჯონსონს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს.

„ვულოცავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა კვლავ განაგრძობს გაძლიერებას. იმედი მაქვს, ამ მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ Twitter-ის პირად გვერდზე.
Brexit-ი გარდაუვალია - ბრიტანეთის არჩევნებში კონსერვატული პარტია იმარჯვებს

ბრიტანელმა კონსერვატორებმა 1987 წლიდან ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს: მათ პარლამენტში 365 ადგილი მოიპოვეს, რასაც 650-ვე უბნის მონაცემთა დათვლის შედეგები მოწმობს. ლეიბორისტებმა 203 ადგილი მიიღეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 67%-ს გადააჭარბა.

დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით შეიქმნა. კონსერვატული პარტია ცდილობს, Brexit-ი 31 იანვარს განახორციელოს, ლიბერალ-დემოკრატები ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას უჭერენ მხარს, ლეიბორისტული პარტია კი ახალი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.