თბილისის ცენტრი პარალიზებულია: აქციაზე „ქართული ოცნების“ ათი ათასობით მომხრე მივიდა

საზეიმო ღონისძიებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უამრავი მხარდამჭერი შეიკრიბა - ევროსაბჭოში ქვეყნის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ დაიწყო, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

მმართველი პარტიის მხარდამჭერები დედაქალაქში საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველო, ევროკავშირისა და მმართველი პარტიის დროშები. ისმის საზეიმო მუსიკა, დიდ ეკრანზე აჩვენებენ ვიდეორგოლებს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე, სიტყვით გამოდიან ახალგაზრდა აქტივისტები.

თბილისის ცენტრი პარალიზებულია: აქციაზე „ქართული ოცნების“ ათი ათასობით მომხრე მივიდა

„დღეს შევიკრიბეთ, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეკრებილებს თბილისის  მერმა კახა კალაძემაც მიმართა. მისი თქმით, ევროპის ცხოვრების წესი თავისუფლებასა და ჰუმანიზმს ეფუძნება, რაც ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებს.

„გილოცავთ! საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე-ქვეყანა გახდა... განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც იმართება დღევანდელი, ეს მასშტაბური შეხვედრა-ღონისძიება. ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი და საერთოდ, რა არის ევროპა ჩვენთვის. პირადად, ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდადვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის ცენტრი პარალიზებულია: აქციაზე „ქართული ოცნების“ ათი ათასობით მომხრე მივიდა

მოძრაობა ქალაქში პარალიზებულია, ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ.

ბოლო წლების განმავლობაში ეს აქცია მმართველი პარტიის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

მოსალოდნელია, რომ აქციაზე წარდგებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ აქცია ოპოზიციური პარტიების უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე იმართება, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახლებური სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირება საქართველოს ყველა რეგიონიდან მმართველი პარტიის საორგანიზაციო ჯგუფმა უზრუნველყო.