საქართველო და სუამ-ის სხვა წევრები გამარტივებულ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია თავის კოლეგებს სუამ-იდან და ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სუამ-ში შემავალი ქვეყნების მთავრობების მეთაურებმა და ვიცე-პრემიერებმა კიევში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქართული მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა გიორგი გახარიამ, რომელიც კიევში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. უკრაინას წარმოადგენდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი, ხოლო აზერბაიჯანსა და მოლდოვას - ვიცე-პრემიერები ალი ახმედოვი და იონ კიკუ.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბრატისლავაში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი>>

სუამ-ის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს „სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივით, ხალხთაშორისი ურთიერთობის, ტურიზმის ზრდის კუთხით და ასევე - პოლიტიკური განზომილებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო

ასევე მოეწერა ხელი განზრახულობათა ოქმს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასადასტურებლად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების თაობაზე. კერძოდ, ახლად გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატზე უფლებამოსილი სუბიექტის ხელმოწერასთან ერთად, დატანილი იქნება QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობის დადგენა.

„ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, სუამ-ის ქვეყნებს აქვთ მიზანი, შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამ სახელმწიფოებმა თავისუფლად ივაჭრონ ერთმანეთში. საქართველოსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა სუამ-ის ნაყოფიერი მუშაობა წელს უკრაინის თავმჯდომარეობით.

საქართველო ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ტოპ-ოცეულში მოხვდა>>

„ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად... ამასთან, აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ლოგისტიკის განვითარება, რაც ასევე შეუწყობს ხელს თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეჟიმს ჩვენს ქვეყნებს შორის და განავითარებს ეკონომიკას", - განაცხადა გახარიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გუშინ გახარია და სუამ-ის სხვა წარმომადგენლები ერთად შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ხოლო დღეს გახარია პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს პირისპირ გამართავს.

საქართველო და სუამ-ის სხვა წევრები გამარტივებულ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

სუამ-ი — დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ორგანიზაციაა. დაფუძნდა 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ. 1999 წლიდან 2005 წლამდე ორგანიზაციაში ასევე უზბეკეთი შედიოდა. იმ პერიოდში ორგანიზაციის სახელწოდება იყო სუუამ-ი.