თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასალის ხსენების დღე მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ანდრია პირველწოდებული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული. გადმოცემის თანახმად, სწორედ მან ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 13 დეკემბერს - წმინდა მოციქულის აღსრულების დღეს, ხოლო 12 მაისს – საქართველოში შემოსვლის დღეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და იქადაგა.
„დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრიასი. ჩვენი განმანათლებელია, ჩვენი მომქცეველი. მან იქადაგა პირველად სახარება საქართველოში. მან მოაბრძანა ხატი წმინდა ღვთისმშობლისა", – განაცხადა პატრიარქმა.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე აღნიშნავს წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს.
ილია მეორის თქმით, ვახტანგ გორგასალს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
„თქვენ იცით, რომ ვახტანგ გორგასალის თხოვნით და მისი შუამდგომლობით ანტიოქიის პატრიარქმა უბოძა საქართველოს მეთაურს კათოლიკოსის წოდება. ეს მხოლოდ ანტიოქიის პატრიარქს შეეძლო. სიტყვა კათოლიკოსი წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან „კათოლ" – „საყოველთაო". ე.ი., სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს", -ბრძანა უწმინდესმა.
ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი მეფესა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. შუა აზიასა და ინდოეთის ლაშქრობებიდან დაბრუნებულ ვახტანგს მიქაელმა ქრისტიანობის უარყოფა დასწამა. მეფემ უარყო აბსურდული ბარალდება და თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსი „ვერცხლისმოყვარეობაში" დაადანაშაულა. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწმინდა ეკლესიები უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირებისაგან. მიქაელი ამის წინააღმდეგ გამოვიდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო.
ვახტანგი პირადად მივიდა მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. განრისხებული მეფის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად გააგზავნეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მეთაურად ბიზანტიის იმპერატორს პეტრეს კურთხევა სთხოვა, რომელიც სამოელთან ერთად ვახტანგ მეფემ ბიზანტიის წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანა, ხოლო შემდეგ ძალიან მოიხიბლა მათი სიბრძნით.
მალე ბიზანტიიდან ჩამოვიდა პეტრე კათალიკოსი, სამოელი და კიდევ სხვა 11 ეპისკოპოსი, რომელთაც ახლადშექმნილი საეპისკოპოსოები ჩააბარა (მანამდე არსებობდა მხოლოდ ქართლის მთავარეპისკოპოსის ჩინი და არ იყო ეპარქალური დაყოფა).
კათალიკოსობის შემოღება მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) მოპოვების ფაქტად, რამაც აამაღლა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე.