კვადროციკლების საქმე - ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით სამი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

ბრალდებულებმა ტექნიკის რეალიზაციის პროცესში დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში პარკირების ყალბი საშვების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ საქართველოში იმპორტირებული იქნა 110 კუბური სანტიმეტრი ძრავის მქონე კვადროციკლები, რომლებიც საჭიროებდნენ რეგისტრაციას და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას.

„ბრალდებულებმა ტექნიკის რეალიზაციის პროცესში, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ხდებოდა დაბალი სიმძლავრის - 50 კუბური სანტიმეტრი ძრავის მქონე კვადროციკლების რეალიზაცია, რაც, თავის მხრივ, არ საჭიროებდა რეგისტრაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.