მსოფლიო დღეს

„ორპირი პოლიტიკა“: პენტაგონის მიერ რაკეტის გამოცდას რუსეთში ნეგატიურად აფასებენ

აშშ-ის მიერ საშუალო სიშორის არაბირთვული რაკეტის მორიგ გამოცდას, რაც მანამდე საერთაშორისო შეთანხმებით იყო აკრძალული, რუსეთში ამერიკის „ორპირ პოლიტიკად“ აფასებენ
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა სახმელეთო ბაზირების საშუალო სიშორის არაბირთვული ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს, რომელიც მანამდე საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებით (IRNFT) იყო აკრძალული. 

„თავდაცვის სამინისტრომ, კალიფორნიაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა ვანდენბერგიდან“ არაბირთვული კონფიგურაციის, სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტის საფრენი გამოცდა განახორციელა 2019 წლის 12 დეკემბრის დილის 08:30 საათზე წყნარი ოკეანის დროით. ამ დროისათვის მიმდინარეობს შედეგების შეფასება“, —  დაწერა საკუთარ Twitter-ზე პენტაგონის შეფმა მარკ ესპერმა.  

​პენტაგონმა მიმდინარე წლის აგვისტოში უკვე გატესტა სახმელეთო ბაზირების არაბირთვული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ასევე აკრძალული იყო IRNFT-შეთანხმებით. ცნობილია, რომ რაკეტამ წარმატებით დააზიანა სამიზნე 500 კმ-ზე მეტი ფრენის შემდეგ.

როგორც რუსი სამხედრო პოლიტოლოგი ანდრეი კოშკინი მიიჩნევს, ეს მსგავსი ქმედებები აშშ-ის ორპირ პოლიტიკას ამჟღავნებს.

„დღეს აშშ ისწრაფვის, რაც შეიძლება სწრაფად აითვისოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები. მათ არ აღელვებს ის, რომ ამ პროექტებზე IRNFT-ის მოქმედების პერიოდში მუშაობდნენ. ასე გამოიყურება შეერთებული შტატების ორპირი პოლიტიკა. ისინი არ ასრულებენ შეთანხმებებს, რომლებსაც ხელი საერთაშორისო არენაზე მოაწერეს. ასე რომ, მოსალოდნელია, აშშ-მა საშუალო სიშორის რაკეტები ევროპის კონტინენტზეც განათავსოს, რაც ევროპელების ძლიერ აღშფოთებას გამოიწვევს. რუსეთი, თავის მხრივ, იძულებული იქნება, მიიღოს ადეკვატური ზომები საფრთხის გასანეიტრალებლად“, — განაცხადა კოშკინმა.  

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეწყვიტა აშშ-ის ინიციატივით. ვაშინგტონმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაადანაშაულა რუსეთი შეთანხმების ხანგრძლივ დარღვევაში და განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლას აპირებდა. რუსეთმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ სრულად იცავდა IRNFT-ის პირობებს. თუმცა ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ.