რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს აშშ-ის იდეას „რუსეთი – ტერორიზმის სპონსორი“

მანამდე აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი შესაძლოა „ტერორიზმის სპონსორი“ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანოს.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვისთვის უსიამოვნო იქნება, თუ აშშ მომავალ საარჩევნო კამპანიებში რუსოფობიის თემას გამოიყენებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს РИА Новости. 

აშშ-ის სენატი რუსეთის „ტერორიზმის სპონსორი“ ქვეყნების სიაში შეყვანას მოითხოვს

საგარეო უწყების ოფიციალურმა პირმა აღნიშნული კომენტარი აშშ-ის სენატის წინადადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორი“ ქვეყნების ჩამონათვალში შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მოიწონა ამერიკის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა.  

„ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ რუსეთის თემა ერთ-ერთი უმთავრესი გახდა არა მარტო საპრეზიდენტო, არამედ სხვა საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას აშშ-ის ტერიტორიაზე. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით არა მარტო სინანული ამასთან დაკავშირებით, არამედ უკმაყოფილებაც ამგვარი მიდგომებით. ეს აშკარად არ ემსახურება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თუ აშშ ამგვარ მიდგომას მომავალ საარჩევნო კამპანიებში (იქნება ეს საპრეზიდენტო თუ სხვა) თეზისად ან მთავარ იდეად აირჩევს, რუსეთს იგივე რეაქცია ექნება — უკიდურესი წუხილი და მიუღებლობა, ვინაიდან ამით „დარტყმა მიადგება ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს“.

მარია ზახაროვას აზრით, ამერიკელ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს უბრალოდ არ აღელვებს სხვა თემები.

„მათ არ აღელვებთ სხვა საკითხები, მათ არ აღელვებთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები და სარგებელი, რომელსაც ისინი მასირებული ანტირუსული კამპანიებითა და რუსოფობიული დღის წესრიგით კარგავენ“, — განაცხადა ზახაროვამ.