თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სენატი მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩართოს რუსეთი „ტერორიზმის სპონსორი“ ქვეყნების ჩამონათვალში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ამის შესახებ ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც აშშ-ის სენატის საერთაშორისო კომიტეტმა მოიწონა. ახლა ფორმულირების ოფიციალურად მიღებაზე გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივანმა უნდა მიიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი ავალებს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მისი ძალაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში წარუდგინოს დასკვნა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს აღნიშნულ საკითხზე. გარდა ამისა, მან იგივე ვადებში უნდა დაადგინოს, იმყოფებიან თუ არა რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები დონბასში და მიესადაგება თუ არა მათ განსაზღვრება „უცხოური ტერორისტული ორგანიზაციები“ – ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების შეიარაღებული ფორმირებების მსგავსად.
ამ დროისათვის „ტერორიზმის სპონსორი“ ქვეყნების სახელმწიფო დეპარტამენტის ნუსხაში შედიან: ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და სუდანი.
გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დევიდ ჰეილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს არ მიიჩნევს ტერორიზმის სპონსორად. მისი თქმით, რუსეთი თავადაა ტერორისტული შეტევების მსხვერპლი.
რუსი ექსპერტის ვლადიმირ ოლენჩენკოს აზრით, აღნიშნული საკითხი სწორედ ახლა შემთხვევით არ წამოჭრილა.
„როგორც ჩანს, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების დაპირისპირება ყველაზე მოულოდნელ, ექსტრავაგანტურ ფორმებს იძენს. საღი აზრის მთელი პოტენციალი ამოწურულია. შეშფოთებას იწვევს ის, რომ პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა და კონსტრუქციული საუბარი გაიმართა. ამ საუბარმა აჩვენა, რომ დაუძლეველი წინააღმდეგობები არ არსებობს. შესაბამისად, ამან ააღელვა ტრამპის მოწინააღმდეგეები. მით უმეტეს, რომ მომდევნო წელი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წელია. და, აი, გაჩნდა იდეა, მიაწერონ რუსეთს ტერორიზმის მხარდაჭერა. ანუ, ყველაფრიდან ჩანს, რომ საღი აზრი საერთოდ არ შეესაბამება ამერიკის ამჟამინდელ პოლიტიკას და ასეთ უცნაურ ფორმებში გამოიხატება“, — განაცხადა ოლენჩენკომ.