თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის მთავრობამ აშშ-ის წინაშე „კაპიტულაცია“ გამოაცხადა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული ვითარების გამო, მიაჩნია შტეფენ კოტრეს — ფრაქციის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფიციალურ წარმომადგენელს ბუნდესტაგში ენერგეტიკის საკითხებში.
დეპუტატის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მნიშვნელოვანი პროექტია გერმანიის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და მისი რეალიზაციის ჩაშლის მცდელობას ანგელა მერკელის მთავრობა იძულებული უნდა გაეხადა, დაუყოვნებლივ დამდგარიყო პროექტის დასაცავად.
„2018 წელს ქალბატონმა მერკელმა ძალიან მკაფიოდ მიგვანიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წმიდა ორმხრივი ეკონომიკური პროექტია გერმანიასა და რუსეთს შორის, რომელზეც ევროკავშირის კანონმდებლობა არ ვრცელდება. ახლა კი შეერთებულმა შტატებმა მოახერხა, დააკავშიროს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მის მიერვე დესტაბილიზებულ უკრაინასთან. აშშ-ის ზეწოლით ფედერალური მთავრობა დაემორჩილა ამ ეკონომიკურ შეტევას და კაპიტულაცია გამოაცხადა“, — განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა.
კოტრეს თქმით, მერკელის მთავრობას „აღარ ძალუძს წარმოადგინოს გერმანიის ინტერესები, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ დაცვაზე“.
ამასთან, დეპუტატს მიაჩნია, რომ უკრაინის სტაბილურობას „არაფერი აქვს საერთო სხვა ეკონომიკურ პროექტებთან“.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმება. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინია. ასევე წინააღმდეგები არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ. ისინი პროექტს პოლიტიკურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პროექტი აბსოლუტურად კომერციული და კონკურენტულია, და მიუთითებდა, რომ ის არ ითვალისწინებს რუსული გაზის ევროკავშირში უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტას.