თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისი–ბაკურციხის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა, იუწყება InfoRustavi.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
გარდაცვლილი სოფელ გავაზის მკვიდრი, 35 წლის გიორგი ახვერდაშვილია, იგი კახეთის დეპარტამენტის ყვარლის რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახვერდაშვილის ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი მანქანა შეეჯახა, რომლის მძღოლიც საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. პოლიციის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.