„მათ არ აქვთ მორალური უფლება" – "ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

წინა ხელისუფლების დროს პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა მომხრეებთან ერთად პარლამენტთან იმყოფება, სადაც სხვა ოპოზიციონერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოება „დაიცავი სიცოცხლის" წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, რომელიც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წინააღმდეგ აქციას მართავს.

პარლამენტთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის წევრების საპროტესტო აქცია დილიდან დაიწყო. დღეს დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. კანდიდატების შერჩევის მთელი პროცესი სკანდალების ფონზე წარიმართა.

საქართველოს პარლამენტს „ცხელი დღე“ ელის: რეზონანსული საკითხები და პიკეტი>>>

კანდიდატების სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომლებსაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებენ.

„მათ არ აქვთ მორალური უფლება" – "ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

„ნაცმოძრაობას" უფლება არა აქვს დღეს აქ იდგეს და რამე გააპროტესტოს. ისინი არიან ამ მოსამართლეების „მამები" და შემქმნელები, რომლებსაც დღეს ლანძღავენ. სად იყვნენ ისინი ცხრა წელი? რატომ არ გათავისუფლდნენ მათგან თავის დროზე?! ეს უნდა გააპროტესტოს იმ ხალხმა, ვის კისერზეც გადაიარეს ამ მოსამართლეებმა. მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან ისეთები, ვინც „ნაცმოძრაობის" დროს არ მუშაობდა და ისინი უნდა დაინიშნონ", – განაცხადა მოძრაობის ლიდერმა სოსო რობაქიძემ.

რობაქიძე ამირან (ბუტა) რობაქიძის მამაა, რომელიც 2004 წელს პოლიციელმა მოკლა. ბუტა მაშინ 19 წლის იყო.

„მათ არ აქვთ მორალური უფლება" – "ნაცმოძრაობის" მოწინააღმდეგეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

მოძრაობა „დაიცავი სიცოცხლის" წარმომადგენლები რუსთაველს გამზირზე პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის საპროტესტო აქცია, თავის მხრივ, იმართება შენობის შესასვლელებთან. დილიდან აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ცდილობენ, და პოლიციას შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

ამ დროისთვის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 12 ადამიანია დაკავებული.