საქართველოში ტურიზმით მიღებული შემოსავლები ნოემბერში 5,6%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოს 201,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანეს.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, წინასწარი მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25 მილიონი დოლარით, ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

წელს საქართველო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას ელოდა, თუმცა თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. შედეგად რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის შემცირება შეინიშნება.

რუსი ტურისტების რიცხვი ოქტომბერში 26%-ით შემცირდა

ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 201,7 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა – 5,6%), რაც გასულ წელთან შედარებით 10,6 მილიონი დოლარით მეტია.

წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქვეყნის მშპ-ში ტურიზმის წილი შეადგენს 7,7%-ს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,7%-ით მეტია.

ბოლო 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია – 8,6 მილიონი ადამიანი (ზრდა 7,2%).