ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ავღანეთში ქართველი სამხედროების როტაცია განხორციელდა

ქართული სამშვიდობო კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

„მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და ონლაინ-რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. 

ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული, რომელთა ფუნქციებია ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წვრთნა და სწავლება.

საქართველოდან მისიაში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში.