პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს დაგეგმილია პენსიების, ასევე პედაგოგებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ხელფასების მატება.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 83 ხმით ერთის წინააღმდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანი მაჭავარიანის სიტყვებით, ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია.

როგორ განაწილდა სახსრები ბიუჯეტიდან

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 14,4 მილიარდი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები – 13,3 მილიარდი ლარით, დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,2 მილიარდი ლარით.

პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მსჯელობენ

2020 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით გაიზრდება 384,6 მილიონი ლარით და შეადგენს 4,3 მილიარდ ლარს, ანუ ასიგნებების საერთო მოცულობის 30,2%-ს .

რამდენით გაიზრდება პენსიები და ხელფასები

2020 წლის 1 იანვრიდან ქართველ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს პენსიები და დახმარებები გაეზრდებათ. წლის განმავლობაში მატება შეეხებათ პოლიციელებს, მასწავლებლებს, ექიმებსა და მეხანძრეებს, ნათქვამია 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

1 იანვრიდან პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, 18 წლამდე შშმ პირები, ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პენსიის დანამატს 20 ლარის ფარგლებში მიიღებენ.

რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი - პარლამენტში ინიციატივა შევიდა

გარდა ამისა, შშმ პირები და 70 წლის ზემოთ პენსიონერები 1 ივლისიდან დამატებით 30 ლარს მიიღებენ.

1 იანვრიდან 100 ლარით გაიზრდება ასევე თეატრებისა და მუზეუმების თანამშრომელთა ანაზღაურება.

1 ივლისიდან ხელფასზე 100 ლარის ოდენობით დანამატს მიიღებენ სოფლის ექიმები და სასწრაფო დახმარების ექიმები.

1 ივლისიდან ხელფასების საშუალოდ 125 ლარით მატება ელოდებათ პოლიციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და მეხანძრე-მაშველებს.

2020 წლის სექტემბრიდან ხელფასების 150 ლარით მატება ელოდებათ უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგებს. საბავშვო ბაღების აღმზრდელებს კი სექტემბრიდან ხელფასი 100 ლარით მოემატებათ.