თბილისის მეტროს პრობლემებმა ვითარება ქალაქში პიკის საათის დროს დაამძიმა

წლის დასაწყისიდან თბილისის მეტროპოლიტენი პირველად არ მუშაობდა 45 წუთის განმავლობაში. ამის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ათასობით თბილისელს დღეს, დილით ალტერნატიული გზის ძებნა მოუხდა, რათა სამსახურამდე თუ სასწავლო დაწესებულებამდე მიეღწია. ამის მიზეზი მეტროს მუშაობის შეფერხება იყო.

პრობლემა მეტროს სადგურ „გურამიშვილზე" შეიქმნა. ამის შედეგად 08:00 საათიდან 45 წუთის განმავლობაში მატარებელი „დიდუბიდან" „ახმეტელამდე" არ მოძრაობდა. შედეგად, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადაივსო, ხოლო ტაქსის გამოძახება რაოდენობრივად გაორმაგდა. პიკის საათისთვის ჩვეული „საცობები“ კიდევ უფრო გაძლიერდა.

თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: რა შეიცვლება

„მეტროს სადგურ „გურამიშვილზე" ტექნიკური გაუმართაობა იყო სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებას. ეს არ ყოფილა ელექტროსისტემის გაუმართაობა ან მატარებლის დაზიანება. სანამ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მატარებლები ზონალურად – სადგურ „ვარკეთილიდან" „დიდუბის" მიმართულებით და პირიქით მოძრაობდნენ", – განაცხადა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ამ დროისთვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

თბილისის მეტროში 2018 წელს დაფიქსირდა 305 გაუმართაობა, ხოლო 2019 წლის დასაწყისში – 100. 30% შემთხვევებში მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.