საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს, მაგრამ რეფორმის წარმატებისთვის ილოცებს

იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტს სურგულაძის რაღაც პერიოდით თანამდებობაზე დატოვებას, იგი, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მზადაა გააგრძელოს საქმიანობა.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ სურგულაძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა.

სურგულაძემ საკუთარი გადაწყვეტილება „სხვა გეგმებით“ ახსნა, რომელზეც იგი მოგვიანებით ისაუბრებს.

„ერთი კვირის წინ სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით 16 იანვრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ, რამდენადაც საპენსიო ფონდი უკვე გამართულად მუშაობს და ყველა პროცესი დალაგებულია. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება", – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტს სურგულაძის რაღაც პერიოდით თანამდებობაზე დატოვებას, იგი, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მზადაა გააგრძელოს საქმიანობა.

დატოვებს თუ არა პოსტს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი

კითხვაზე, მისი წასვლა ხომ არ იმოქმედებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმისადმი საზოგადოების ნდობაზე, სურგულაძემ უპასუხა, რომ არა. მისი სიტყვებით, საპენსიო სქემა უფრო ნაკლებმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე იყო ამის ვარაუდი, შესაბამისად, ნდობა მოპოვებულია, აღნიშნა სურგულაძემ.

„რეფორმა წარმატებით ხორციელდება და წარმატებით გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამისთვის ვილოცებ", – აღნიშნა სურგულაძემ.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს ხუთი წლის ვადით დაინიშნა.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე პირები სახელმწიფო სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

ბოლო მონაცემებით, საპენსიო რეფორმაში 943,1 ათასზე მეტი ადამიანი და 600 ათასზე მეტი კომპანიაა ჩართული, საერთო საპენსიო შენატანმა კი 508,4 მლნ ლარს გადააჭარბა.