თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ ანგარიშით 3:1 მოუგო და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.
გათამაშების ფინალური თამაში გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
მატჩის დასაწყისში საბურთალოელებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს - მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ ეფექტურად შეასრულა საჯარიმო და ანგარიში გახსნა, ხოლო მე-19 წუთზე გიორგი გაბედავამ ერთი ერთზე გასვლა გააკეთა და გუნდის უპირატესობა გააორმაგა.
მეორე ტაიმში „ლოკომოტივმა“ თამაში გააუმჯობესა და 52-ე წუთზე პენალტის რეალიზაციის შედეგად სხვაობა შეამცირა.
89-ე წუთზე ლევან კაკუბავამ კუთხურის გათამაშებისას გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაამყარა.