რუსთავში მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ - ვიდეო

რუსთავის საკრებულომ საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის აშენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. რუსთავში მოქალაქეებმა მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპროტესტო აქცია მოქალაქეებისა და სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილი, სადაც საწარმოს მშენებლობა იგეგმება, დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.

„იმ ფონზე, როცა ქალაქში ჰაერი უკვე არსებული საწარმოებით სისტემატურად ბინძურდება, ახალი საწარმოს მშენებლობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათივე თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მშენებლობას არ დაუშვებენ.

მწვავე დისკუსიის შემდეგ რუსთავის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის აშენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა.

საკრებულო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 16 აპრილის ბრძანებას, რომელიც კომპანია „ეკოოილს“ ქარხნის აშენების ნებართვას აძლევს უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 470 მეტრში.