და კვლავ ოქრო! ქართველ მოციგურავეთა მორიგი წარმატება

სექტემბრის ბოლოს ქართველების წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია პირველი იყო ხორვატიის ზაგრებში ანალოგიურ შეჯიბრებაზეც
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქართველი საცეკვაო წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ტურინში იუნიორთა შორის გრან-პრის სერიის სეზონის დასკვნითი ტურნირის გამარჯვებულია.

ქართველმა წყვილმა შესანიშნავად შეასრულა თავისუფალი პროგრამა, რომელიც ამერიკელი მუსიკოსის, ტომი პროფიტის კომპოზიცია In the End-ის მუსიკაზე იცეკვეს. თავის პროგრამაში კაზაკოვა/რევიამ სირთულის მეოთხე დონე გამოიყენეს, რამაც 106,14 ქულა მოუტანათ. საერთო ჯამში ჩვენმა მოციგურავეებმა აიღეს 174,90 ქულა და ვერცხლის პრიზიორებს - ევონლი ნგუენ/ვადიმ კოლესნიკი (აშშ) სულ რაღაც 0,16 ქულით გაუსწრეს (174,74).

მესამე ადგილი რუსეთის წარმომადგენლებმა ელიზავეტა შანაევა/დევიდ ნარიჟნიმ დაიკავეს (164,22).

„ყინულზე რომ გავედით, ვიცოდით, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა. იმისთვის არ გვიმუშავია, რომ რაღაცის გვეშინოდეს. მაყურებელი ჩვენი გამოსვლის საყურებლად მოვიდა და უნდა გვეჩვენებინა ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ახლა ემოციებით სავსე ვართ და გვიჭირს იმის აღქმა, რომ გავიმარჯვეთ“, - განუცხადა ISU-ს პრესსამსახურს გამარჯვების შემდეგ რევიამ.

ქართველმა მოციგურავემ ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო ტურნირი, რომელზეც ისინი წარდგებიან, ევროპის ჩემპიონატი გახდება. კონტინენტური პირველობა მომავალი წლის 20-26 იანვარს ავსტრიის გრაცში გაიმართება.

და კვლავ ოქრო! ქართველ მოციგურავეთა მორიგი წარმატება

აღსანიშნავია, რომ გამარჯვება ტურინში კაზაკოვა/რევიას წყვილისთვის გრან-პრის სერიის ტურნირებზე მეორე გახდა. სექტემბრის ბოლოს ქართველების წყვილი პირველი იყო ხორვატიის ზაგრებში ანალოგიურ შეჯიბრებაზეც.