გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულის უფლებადამცველი სოსო ჯალაღონია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჩხოროწყუში 34 წლის მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ყოფილი პოლიციელი 5 დეკემბერს დააკავეს.

ჩხოროწყუში 34 წლის მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავეს

ბრალდებულის უფლებადამცველი სოსო ჯალაღონია ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.

ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია-ს ზუგდიდის ოფისის მენეჯერის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, ფაქტი 27 ნოემბერს მოხდა, დაზარალებულს ჩვენება მისი თანდასწრებით ჩამოართვეს, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

ბრალდებულს ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 8 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.