მსოფლიო დღეს

მოსამართლე ავადაა: ექს-პრეზიდენტის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

ატამბაევი პრინციპულად არ პასუხობს სასამართლოს შეკითხვებს, რითიც „საგამოძიებო და სასამართლო თვითნებობის“ წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტიც ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ალმასბეკ ატამბაევია, მოსამართლის ავადმყოფობის გამო გადაიდო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

როგორც ცნობილია, ატამბაევი 8 აგვისტოს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ხელშეუხებლობის გარანტია მოუხსნა. საკუთარ რეზიდენციაში მყოფი ატამბაევის დაკავების სპეცოპერაცია თითქმის 24 საათი გრძელდებოდა იმის გამო, რომ მისმა მომხრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველებს. სპეცოპერაციის შედეგად დაშავდა 136 ადამიანი, ხოლო ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. საბოლოოდ ალმასბეკ ატამბაევი თავად ჩაბარდა პოლიციას. 

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალებაში ედება ბრალი

სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა ბრალდება როგორც მისი, ისე მისი თანამებრძოლების მიმართ, პოლიტიკური ხასიათისაა. ამიტომ ექს-პრეზიდენტი კატეგორიულად ამბობს უარს, უპასუხოს სასამართლოს შეკითხვებს. ადვოკატის თქმით, ატამბაევი ამგვარად გამოხატავს პროტესტს „საგამოძიებო და სასამართლო თვითნებობაზე“.

სისხლის სამართლის საქმე

2006 წელს კრიმინალურ ავტორიტეტ აზიზ ბატუკაევს 16 წლითა და 8 თვით აღუკვეთეს თავისუფლება ბიშკეკის ერთ-ერთ კოლონიაში ამბოხების მოწყობისთვის. არეულობისას დაიღუპნენ დეპუტატი, სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი და პარლამენტის ორი თანამშრომელი.

2013 წელს ბატუკაევი, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ციხიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული დასკვნით, პატიმარს სისხლის ბოლო სტადიის კიბო ჰქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი გათავისუფლებულმა ახალი პასპორტი აიღო და რესპუბლიკა დატოვა.

გამოძიების ვერსიით, საპატიმროდან ბატუკაევის გათავისუფლებაში შესაძლოა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები ყოფილიყვნენ გარეული, მათ შორის, ექს-პრეზიდენტი ატამბაევიც.