ნოემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო

ოთხჯერ ნაკლები შემოწირულობაა სხვა ყველა ოპოზიციური პარტიის ანგარიშზე ერთად, ხოლო მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ამჯერად ერთი თეთრიც არ მიუღია.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ნოემბერში ყველაზე მეტი შემოწირულობა ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიიღო – 80,1 ათას ლარზე მეტი, თუმცა, არა ფულადი სახით, იუწყება პირველი არხი აუდიტის სახელმწიფო სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ვინ ვისთან ერთიანდება და ვის აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი

არაფულად შემოწირულობაში, ძირითადად, საოფისე ინვენტარი იგულისხმება.

დანარჩენმა პარტიებმა გასულ თვეში მთლიანად 22 ათასი ლარი მიიღეს. „თავისუფალი საქართველოს“ ანგარიშზე დაირიცხა 11,6 ათასი ლარი, „პატრიოტთა ალიანსს“ ჩაურიცხეს დაახლოებით 7 ათასი ლარი. ეკა ბესელიამ პირადად გადარიცხა 3 ათასი ლარი საკუთარი პარტია „სამართლიანობის“ ანგარიშზე. „ეროვნულმა ფორუმმა“ მიიღო 700 ლარი; პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – სულ 100 ლარი.

ნოემბერში საერთოდ შემოწირულობის გარეშე დარჩა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.