თბილისის საბავშვო ბაღებისთვის ახალი სათამაშოები შეიძინეს

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის შესყიდული ახალი სათამაშოები ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ახალი სათამაშოები შეისყიდა, იუწყება დედაქალაქის მერია. 

საქართველოში საბავშვო ბაღების პედაგოგებს შესაძლოა ხელფასები გაუზარდონ

500 ათასამდე ლარის ღირებულების სათამაშოები სააგენტომ 181 ბაგა-ბაღისთვის ტენდერის გზით შეიძინა. ამ ფორმით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისში პირველად განხორციელდა, რადგან ჩვეულებრივ საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებენ.

„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული“, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, უახლოს მომავალში საბავშვო ბაღებში ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეტანაც დაიწყება.

თბილისში 181 სახელმწიფო ბაგა-ბაღი მოქმედებს, რომლებშიც 61 ათასზე მეტი აღსაზრდელია.