Georgia On My Mind – როგორ გახდა საქართველო ესტონელი მუსიკოსის შთაგონების წყარო

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი კომპოზიცია, რომელიც ესტონელმა მუსიკოსმა ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ბუნებას მიუძღვნა.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი  — Sputnik. Georgia On My Mind – სწორად ასე ჰქვია ინგლისურენოვან სიმღერას, რომლის შექმნაც ესტონელ მუსიკოსსა და შემსრულებელს ეგერტ მილდერს (Egert Milder) საქართველომ შთააგონა. ამ დროისთვის მომღერალი მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2020“ საკუთარი ქვეყნის წარდგენისთვის იბრძვის.

ამ კომპოზიციას ძალიან ლამაზი, ფერადი და თბილი კლიპი აქვს. ვიდეო საქართველოში, სხვადასხვა ლოკაციაზე გადაიღეს. კადრებში დაინახავთ ძველი თბილისის მოკირწყლულ ქუჩებს, ქალაქის პეიზაჟებს, ულამაზეს ბუნებას, უძველეს სამონასტრო კომპლექსებს, რაბათის ციხეს, გერგეტის სამებას და ა.შ. 

თუმცა, კლიპის მთავარ გმირებს უბრალო ხალხი წარმოადგენს – საქართველოს მცხოვრებლები – ლამაზები და ღიმილიანები.

როგორც ცნობილია, ამ სიმღერით ეგერტ მილდერი მონაწილეობას იღებს „ევროვიზია 2020“-ის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში. ნახევარფინალები ჩატარდება 13 და 15 თებერვალს ტარტუში, ფინალს კი ტალინი 29 თებერვალს უმასპინძლებს.

მუსიკოსის თქმით, საქართველო სამი წლის განმავლობაში მისი მშობლიური სახლი იყო. 

 „მე შემიყვარდა ეს მშვენიერი ქვეყანა – ეს შესანიშნავი მთები, ათობით ათასი ცხვარი და ბატკანი, რომლებიც ირგვლივ დადიან და შუა ქუჩაში მწოლარე ძროხები, გემრიელი კერძები, ღვინო, სითბო, ადამიანები და ყველაფერი დანარჩენი, რაც ამას მოჰყვება. საქართველო საოცრებების ქვეყანაა, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია“, – წერს ესტონელი შემსრულებელი.

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი კომპოზიცია, რომელიც მუსიკოსმა საქართველოს მიუძღვნა. 2018 წელს ეგერტმა გადაიღო კლიპი Live+Love+Grow.