ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა

კობა ომანაძის უფლებადამცველის თქმით, პირის ამოკერვამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისის ციხეში პატიმარმა კობა ომანაძემ, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, პირი ამოიკერა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 პატიმრის ადვოკატის ილია ჯანელიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს. როგორც მან აღნიშნა, ომანაძე პირის ამოკერვამდე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომას და ითხოვს, რომ მისი საქმით დაინტერესდნენ შსს-ს მაღალი რანგის მოხელეები", – განაცხადა ილია ჯანელიძემ.

ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნულ ფაქტზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.