რამდენი ლარით დააჯარიმებს თბილისის მერია კომპანია „თელასს“

საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

„პროექტი იდეალური იქნება" - როდის დასრულდება კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია

თბილისის მერის განცხადებით, წყალარინების მილის ვიდეოინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაზიანებული იყო.

„კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დავასრულეთ. ორი კვირის წინ, მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე დაფიქსირებული პრობლემის შესახებ ვაცნობე. ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო წყალარინების ქსელი, რომელიც  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სპეციალური აპარატით შემოწმებისას გამოავლინა.  ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, დაფიქსირდა ორი ადგილი, სადაც წყალარინების რეაბილიტირებული მილები იყო დაზიანებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანია „თელასის“ ბრალეულობა იმაში გამოიხატება, რომ ერთ–ერთ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგიის შეყვანისას, კომპანიის თანამშრომლებმა ბურღვის სამუშაოები ისე აწარმოეს, რომ ახლად რეაბილიტირებული წყალარინების სისტემა დააზიანეს.

ჯერჯერობით უცნობია,  რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანიას.

 კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ტროტუარები და ბირდიურები.  გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდა.