ყვითელი ამბები

ნათია თოდუა საუკეთესო სოლო შემსრულებლად აღიარეს

ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანულ Voice-ში გაიცნო, მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნათია თოდუა Music Video Underground-ის გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში „თვის საუკეთესო ვიდეო“ – ნათია თოდუამ საკუთარი ახალი სიმღერა love letter და ვიდეორგოლი წარადგინა, რითიც თვის საუკეთესო სოლო შემსრულებლის სტატუსი დაიმსახურა.

ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც The Voice of Germany-ის მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. კონკურსი Music Video Underground პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.

გერმანულ Voice-ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო. ამ დროისთვის ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.