კონტრაბანდა საქართველოში: არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები

აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ კონტრაბანდის შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში მებაჟეებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად ჯამში 23,1 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასეულობა ამოიღეს – 254,63 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 54 ცალი ბრილიანტის თვალი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა – ჯამში 28 ათასამდე ლარის ოდენობით.