თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. პირველად საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ბირჟის ძირითად საქმიანობას ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, ერთი დღით ადრე და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია წარმოადგენს.
უწყების ცნობით, ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. ერთი დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით.
„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
„ელექტროენერგიის თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრების დანერგვა იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს. ენერგეტიკული ბაზრის პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის", - მიაჩნიათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და ერთი დღით ადრე საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.