როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში: ბოლო მონაცემები

საპენსიო რეფორმამ, ფინანსური თვალსაზრისით, საპენსიო ასაკის მოქალაქეების ნორმალური ცხოვრება უნდა უზრუნველყოს, განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დაგროვებითი საპენსიო სისტემაში ჩართული მონაწილეების რაოდენობა ამ დროისთვის 931,1 ათას ადამიანს შეადგენს, განაცხადა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ.

მისი ინფორმაციით, უნიკალური მონაწილეების საერთო რაოდენობიდან კერძო სექტორს – 761,8 ათასი, ხოლო საჯარო სექტორს 218,6 მონაწილე მიეკუთვნება.

რატომ დატოვა საპენსიო სქემა დასაქმებულთა თითქმის ნახევარმა?

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

„2019 წლის პირველი იანვრიდან სქემაში 60 134 კერძო კომპანია ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულება 450,5 მილიონი ლარია, დარიცხული სარგებელი კი 13,3 მილიონ ლარს შეადგენს", - განაცხადა სურგულაძემ პირველი არხის ეთერში.

მისი განმარტებით, 2019 წლის ბოლოს დაგროვებითი პენსიის მოცულობა, სავარაუდოდ, ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს. სურგულაძის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის რეფორმა წარმატებით გრძელდება.

რა ბედი ეწევა დაგროვებით საპენსიო ფონდს საქართველოში

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა - ეს არის უმნიშვნელოვანესი როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. ეკონომიკურ ეფექტებს ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში და სოციალური თვალსაზრისით ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში", - განაცხადა სურგულაძემ.

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსია სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ.

ივნისში დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასულ მოქალაქეთა რაოდენობამ დარეგისტრირებულთა დაახლოებით 10% შეადგინა.

უზრუნველი სიბერე თუ უალტერნატივო ძარცვა - რას მოიტანს საპენსიო რეფორმა>>

როგორც საპენსიო ფონდში განაცხადეს, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს, მეორე – კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.