თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საახალწლოდ წელს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საახალწლო სოფელი, საკონცერტო სივრცე და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფორუსთავი".
საზეიმო დღეების განმავლობაში რუსთაველებს ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ სხვადასხვა საკონცერტო წარმოდგენა ადგილობრივი ბენდებისა და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით. ხოლო 31 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტში კი მონაწილეობას მოწვეული მუსიკოსები და ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ.
ბავშვების განწყობის შექმნაზე ანიმატორები იზრუნებენ. რუსთავში მოქმედი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით გაიმართება საბავშვო კონცერტი. პატარებისთვის მოეწყობა საცირკო წარმოდგენაც, რომელშიც მონაწილეობას ჯამბაზები, ილუზიონისტი, ჟონგლიორი და აკრობატი მიიღებს. ბავშვების გართობისთვის ასევე დაგეგმილია ძაღლების შოუს მოწყობაც. საახალწლო სოფლის სტუმარ პატარებს კი სანტა საჩუქრებს გადასცემს.
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სადღესასწაულო ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში, 29, 30 და 31 დეკემბერს გაიმართება.
ამასთან, 2-დან 7 იანვარის ჩათვლით უფასოდ გაიმართება საახალწლო სპექტაკლი სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. ჯამში ოთხი ჩვენების მოწყობაა დაგეგმილი, თითოეული გათვლილი იქნება 2 ათას ბენეფიციარზე, დამსწრეებს საჩუქრები გადაეცემათ.