დანაშაულის გამოძიება გამარტივდება: კრიმინალისტები ახალ შენობაში გადავიდნენ

შსს-ს 20 თანამედროვე საექსპერტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორია, მათ შორის გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია, ერთ ჭერ ქვეშ იმუშავებს
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში გაიხსნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა ლაბორატორია მოწყობილია ISO სტანდარტების სრული დაცვით. დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახური, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა და გენეტიკური კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო.

გამოქვეყნდა დანაშაულის ახალი სტატისტიკა საქართველოში >>

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენებული შენობა და მასში განთავსებული თანამედროვე ლაბორატორიები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაათვალიერეს.

„ეს ლაბორატორია ჩვენს პოლიციელებს, გამომძიებლებს აძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად შეასრულონ თავისი მოვალეობა. აქ არის სრულიად თანამედროვე, უახლესი ლაბორატორიები, რომელიც ჩვენ ადრე არ გვქონდა. დნმ-დან დაწყებული, ბალისტიკით დამთავრებული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთელმა გუნდმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში გაკეთდა“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველო საფრანგეთს მაფიასთან ბრძოლაში დაეხმარება

გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზის უახლესი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების დანადგარებით. აღნიშნული ლაბორატორიის საშუალებით უკვე შესაძლებელია დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალხარისხიანი ექსპერტიზის დასკვნების მომზადება, რაც გამოძიების სწრაფად და ეფექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს.

„დაახლოებით, 19-20 მიმართულებაა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულებით და ახლა დაემატა კიდევ დნმ-ის კვლევის ჯგუფი, განყოფილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, კიდევ ვეცდებით, რომ ახალი პროგრამები, აპარატურა შემოვიტანოთ და დავხვეწოთ", - განაცხადა გომელაურმა.

ახალ შენობაში თანამშრომელთათვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობებია და ლაბორატორიების გარდა, განთავსებულია ბალისტიკური ტირი, სპეციალური საცავები, სამუშაო სივრცეები. ასევე, მოეწყო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე და რეკრეაციული ზონა. შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების თანამედროვე, მძლავრი სისტემებით.