თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მეორე დღეა ეძებენ ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მეთევზეს, სამძებრო ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონი, სპეცტექნიკა და შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
მეთევზეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორშბათს, დილით გავრცელდა – მათგან ერთი 27 წლის, მეორე კი 21 წლის მამაკაცია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნავი ტბის სიღრმეში ძლიერმა ქარმა გაიტაცა. იმ დროიდან ისინი არავის უნახავთ.
მაშველები სპეცტექნიკის დახმარებით ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებენ.
ტბაზე ასევე მუშაობენ წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი.ქართველი მეთევზეების სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო აზერბაიჯანის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს. მესაზღვრეები სანაპირო ზოლს ამოწმებენ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყვინთავებთან და მაშველებთან ერთად მუშაობს ვერტმფრენიც.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობისა, ცხრაკაციანი სამაშველო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სამძებრო სამშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო „სასწრაფო დახმარებისა“ და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟი.