ხანძარი თემქაზე - მეხანძრეებმა ადამიანი გადაარჩინეს

მეხანძრეებმა უვნებლად გამოიყვანეს ადამიანი ბინიდან, სადაც ცეცხლი უკვე რამდენიმე ოთახში იყო მოდებული.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მოქალაქე გადაარჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ  თბილისში, თემქის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული ჯგუფის ცნობით, ხანძარი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში ასევე იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს.

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.