პოეზიის მსოფლიო აკადემიამ დავით მაღრაძე „პოეზიის პლანეტის” კორესპონდენტად დაასახელა

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი, ცნობილი პოეტი დავით მაღრაძე პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრი 2013 წელს გახდა.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. პოეზიის მსოფლიო აკადემიამ მასთან არსებული პერიოდული გამოცემა „პოეზიის პლანეტის” კორესპონდენტად აღმოსავლეთ ევროპაში ქართველი პოეტი დავით მაღრაძე დაასახელა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართა

დავით მაღრაძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის – „თავისუფლების“ ტექსტის ავტორია.

აკადემიის პერიოდულ გამოცემა „პოეზიის პლანეტასთან” თანამშრომლობა დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი ლექსებისა და სტატიის – „პოეზიის დანიშნულება და მდგომარეობა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში“ გამოქვეყნებით დაიწყება.

პოეზიის მსოფლიო აკადემია მეოცე საუკუნეში ცნობილმა პოეტებმა, მათ შორის, მარიო ლუციმ და ანდრეი ვოზნესენსკიმ დააფუძნეს. დღეს აკადემიას ნადირ აზიზი ხელმძღვანელობს.

„ჟურნალთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, საქმიანი თანამშრომლობის დასაწყებად აკადემიამ პირველ რიგში ერთი საინტერესო სტატიის მომზადება მთხოვა”, – განუცხადა საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტს დავით მაღრაძემ.

პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრი დავით მაღრაძე 2013 წელს გახდა.

დავით მაღრაძე – პოეტი და მწერალი, წარსულში ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს კულტურის მინისტრი. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი.